ისააკ ჰერცოგი: მოხარული ვარ, რომ ისრაელი კვლავ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზიის კონკურსში, მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც ისრაელის უფლება დაიცვა
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი მიესალმება ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებას, რომლითაც ქვეყანას ევროვიზიის კონკურსში დარჩენის ნებართვა მიეცა.
„ისრაელი იმსახურებს, იყოს წარმოდგენილი მსოფლიოს ყველა სცენაზე, მე სრულად და აქტიურად ვარ ჩართული ამ საქმეში“, - განაცხადა ჰერცოგმა.
„მოხარული ვარ, რომ ისრაელი კვლავ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზიის სიმღერის კონკურსში და იმედი მაქვს, რომ ეს კონკურსი გააგრძელებს კულტურის, მუსიკის, ერებს შორის მეგობრობისა და საზღვრებს მიღმა კულტურული ურთიერთგაგების მხარდაჭერას“, - დასძინა მან.
ჰერცოგმა მადლობა გადაუხადა იმ „მეგობრებს, რომლებმაც დაიცვეს ისრაელის უფლება, გააგრძელოს წვლილის შეტანა და მონაწილეობა ევროვიზიაზე“.
„ეს გადაწყვეტილება აჩვენებს სოლიდარობას, ძმობასა და თანამშრომლობას და კულტურისა და მუსიკის მეშვეობით ერებს შორის სიახლოვის სულს აძლიერებს“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ირლანდია, ესპანეთი, სლოვენია და ნიდერლანდები 2026 წლის ევროვიზიის კონკურსს ისრაელის მონაწილეობის გამო ბოიკოტს უცხადებენ.