ისააკ ჰერცოგი: ისრაელის ხელისუფლებას ალესტინელებზე ებრაელთა თავდასხმების შესაჩერებლად მეტი უნდა გაეკეთებინა
„ისრაელის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ ებრაული თავდასხმების შესაჩერებლად ყველაფერი არ გააკეთა“, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა.
ჰერცოგის თქმით, ისრაელში „ნაციონალისტური დანაშაულის“ სერიოზული შემთხვევები ფიქსირდება, რაც, მისი შეფასებით, სახელმწიფოს ფუნქციონირებასა და კანონის უზენაესობას აზიანებს.
„ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო ბერკეტი, რათა ეს მოვლენა შეწყდეს. არსებობს სამართლებრივი და სხვა საშუალებები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ამ მოვლენის შესაჩერებლად და აღსაკვეთად, რადგან ის ჩვენი არ არის, ჩვენ არ გვეკუთვნის, არც ებრაულია და არც ისრაელური“, - განაცხადა ჰერცოგმა ისრაელის თავდაცვის ძალების იუდეისა და სამარიის დივიზიის შტაბში ვიზიტისას.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში წესრიგის უზრუნველყოფა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების მოვალეობაა.
„ისრაელი დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა. არავის შეუძლია კანონი საკუთარ ხელში აიღოს. ეს დიდ ზიანს აყენებს ისრაელის რეპუტაციას და, პირველ რიგში, თავად განსახლების პროცესს“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
ისააკ ჰერცოგმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ისრაელის თავდაცვის ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურებს დასავლეთ სანაპიროზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.