Loading data...
„ის რუსი პროპაგანდისტია“ - ბესენტმა პუტინის მთავარი მომლაპარაკებელი ამერიკული სანქციების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და კრემლის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი რუსი პროპაგანდისტია.

CBS News-თან ინტერვიუში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მთავარი მომლაპარაკებელი ამერიკული სანქციების რუსეთის ეკონომიკაზე გავლენის შესახებ იტყუება.

წამყვანმა მარგარეტ ბრენანმა ბესენტს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა დმიტრიევის განცხადებაზე, რომ ამერიკული სანქციები, სავარაუდოდ, „რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას არ მოახდენს“. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი შედეგებს მაშინვე იგრძნობს.

„შემიძლია, გითხრათ, რომ ინდოეთმა უკვე მთლიანად შეწყვიტა რუსული ნავთობის შესყიდვა. ბევრმა ჩინურმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა. და, მარგარეტ, მართლა აპირებთ, გამოაქვეყნოთ ის, რასაც რუსი პროპაგანდისტი ამბობს? კიდევ რა შეიძლება, მან თქვას? რომ ყველაფერი საშინლად იქნება და რომ ეს პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს?“, - განაცხადა ბესენტმა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსეთის ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად ნულოვანია. მისი თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებს.

„ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს. ნავთობი აფინანსებს რუსეთის სამხედრო მანქანას და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია, მნიშვნელოვნად შევამციროთ მისი მოგება“, - ხაზგასმით აღნიშნა ბესენტმა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 20%-ით შემცირდა. მან იწინასწარმეტყველა, რომ ეს მაჩვენებელი შეიძლება კიდევ 20%-ით, ან თუნდაც 30%-ით გაიზარდოს.