ირანზე აშშ-ის და ისრაელის შეტევების შემდეგ ნავთობი გაძვირდა
მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული ავიაიერიშების და თეირანის საპასუხო დარტყმების შემდეგ. 2 მარტს Brent-ის მარკის ნავთობი 14%-ით გაძვირდა და ერთი ბარელის ფასი 82,37 აშშ დოლარი გახდა. WTI-ის ერთი ბარელის ფასმა 75,33 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2025 წლის ივნისის შემდეგ. თავდაპირველი გაძვირების შემდეგ ნავთობი ოდნავ გაიაფდა და ფასის ზრდა დაახლოებით 9%-ის ფარგლებში დაფიქსირდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, გრძელვადიანი კონფლიქტის, ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შეტევების და სავაჭრო მარშრუტების დაბლოკვის შემთხვევაში ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 100 აშშ დოლარს გადასცდეს.
კონფლიქტის ესკალაციის პარალელურად ოქროც გაძვირდა. მისი ერთი უნციის ფასი 2 მარტს 5393 აშშ დოლარი გახდა.
ასევე გაძვირდა თხევადი გაზიც. ჰორმუზის სრუტით, რომელიც ირანის სანაპიროსთან მდებარეობს, მსოფლიოში გაზის დაახლოებით მეხუთედის ტრანსპორტირება ხდება. ერთი თვითაც კი ამ გზით გაზის ტრანსპორტირების შეჩერებას შეიძლება 130%-ით მისი გაძვირება მოჰყვეს.
1 მარტს ირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტით ვაჭრობას წყვეტს. ამ გზით მსოფლიო ნავთობის 20% და გათხევადებული გაზის 30% გადააქვთ. თეირანის ამ განცხადების შემდეგ სრუტესთან დაახლოებით 150 ტანკერი გაჩერდა.