ირანში ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციები და გაფიცვები დედაქალაქ თეირანიდან სხვა ქალაქებში გავრცელდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თეირანის დიდ ბაზარზე მაღაზიების მეპატრონეები გაიფიცნენ, რადგან ირანული რიალი აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. პროტესტი მალევე გავრცელდა ირანის სხვა ქალაქებშიც. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ზოგიერთი მომიტინგე სკანდირებდა 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს ჩამოგდებული, გარდაცვლილი მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევის შვილის მხარდასაჭერ ლოზუნგებს.
ქვეყნის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვა, მოლაპარაკებების ორგანიზება მომიტინგეების ლეგიტიმური მოთხოვნების განსახილველად.
„დღის წესრიგში გვაქვს ფუნდამენტური ქმედებები, რათა რეფორმირება მოვახდინოთ მონეტარული და საბანკო სისტემის და შევინარჩუნოთ ხალხის მსყიდველობითი უნარი“, - წერს მასუდ ფეზეშქიანი.