ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება, დაღუპულთა რაოდენობა 60-ს გადასცდა
ირანში კვლავ საპროტესტო აქციები გრძელდება. უსაფრთხოების ძალების მხრიდან საკმაოდ მკაცრი მოქმედების და ინტერნეტის გათიშვის მიუხედავად, თეირანის და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში კვლავ აქციის მონაწილეები გამოვიდნენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ირანის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დემონსტრანტები ყვირიან - „სიკვდილი ხამანეის!“. ქუჩაში მოძრავი ავტომობილები მათ სიგნალებით ეგებებიან.
უსაფრთხოების ძალებმა თეირანში დამატებითი ბლოკსაგუშაგოები გახსნეს. ისინი ავტომატებით არიან შეიარაღებულები და ყველას ამოწმებენ.
ამავდროულად თეირანის მერმა ალირეზა ზაკანიმ საპროტესტო აქციების შედეგად მიყენებული ზარალი დაითვალა. მან განაცხადა, რომ აქციების მონაწილეებმა 30 ბანკის ფილიალს ცეცხლი გაუჩინეს, ასევე განადგურებულია 30-მდე მეჩეთი და რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულების შენობა.
ირანის ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, ირანის საავადმყოფოები დაჭრილებით არის სავსე. საპროტესტო აქციების დროს, რომლებიც 28 დეკემბერს დაიწყო, 62 ადამიანი დაიღუპა. აქედან აქციების 48 მონაწილეა და უსაფრთხოების ძალების 14 თანამშრომელი. დაახლოებით 2300 მომიტინგე დაკავებულია.