ირანში ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებულებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ
ირანმა შესაძლოა, უახლოეს დღეებში მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სიკვდილით დასჯა დაიწყოს. „სასამართლო“ ორგანოები, აიათოლას რეჟიმის დავალებით, შეეცდებიან, ისინი გამოგონილ დანაშაულებში დაადანაშაულონ და დახოცონ. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine ირანის ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციასა და სხვა ირანულ ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, აღნიშნულია, რომ 10 იანვრიდან ირანის გენერალურმა პროკურორმა ყველა მომიტინგე „ღვთის მტრებად“ გამოაცხადა და ამავდროულად, ისინი ე.წ. „ღმერთის წინააღმდეგ ომში“ დაადანაშაულა.
ირანის რეჟიმი, ტრადიციულად, ამ „დანაშაულს“ საბაბად იყენებს ყველა იმ ადამიანის სიკვდილით დასასჯელად, ვინც მას ეწინააღმდეგება.
„თანამდებობის პირებმა ასევე პირობა დადეს, რომ ამ საქმეებს „მკაცრად და სწრაფად“ განიხილავენ რევოლუციური სასამართლოების სპეციალურ სექციებში“, - წერს Iran Human Rights-ი.
ირანის რეჟიმი, როგორც წესი, მომიტინგეებს „ღმერთის წინააღმდეგ ომსა“ და სხვა გამოგონილ „დანაშაულებში“ ადანაშაულებს, რადგან ქვეყანა „შარიათის კანონზე“ არის დაფუძნებული. უმეტეს შემთხვევაში, ე.წ. „მძიმე დანაშაულებისთვის“ გასამართლებულებს მხოლოდ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.
აღსანიშნავია, რომ უფლებადამცველების მონაცემებით, ირანში მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციებში დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა, 12 000-ს მიაღწიოს. ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები 16 დღეა, გრძელდება.