Loading data...
ირანმა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, ჰორმუზის სრუტესთან სამხედრო ძალების განლაგებისგან თავი შეიკავონ

ირანმა გააფრთხილა გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი, თავი შეიკავონ ჰორმუზის სრუტეში ნებისმიერი სამხედრო გადაადგილებისგან, განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ლონდონმა და პარიზმა განაცხადეს, რომ მზად არიან, ნაოსნობის თავისუფლების დასაცავად საჭიროების შემთხვევაში თავიანთი სამხედროები გაგზავნონ. 

„როგორც პასუხისმგებელი სახელმწიფო და ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების გარანტორი, ირანი აფრთხილებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ამ სტრატეგიულ წყლებში სამხედრო გადაადგილებისგან“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მის სანაპიროზე განლაგებულ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა 3 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საერთაშორისო სამართლისა და ნაოსნობის თავისუფლების დაცვის მიზნით ძალისხმევას გააძლიერებენ. ამ მიმართულებით მათ აპრილში 51 ქვეყნის მონაწილეობით საერთაშორისო სამიტიც გამართეს.

კვირის დასაწყისში თეირანმა ასევე უარყო ემანუელ მაკრონის განცხადება, რომლის თანახმადაც, საფრანგეთი, ომანი და სხვა პარტნიორები ჰორმუზის სრუტის დანაღმული მონაკვეთების გაწმენდაზე ითანამშრომლებდნენ. ირანის განცხადებით, მსგავსი სამუშაოების განხორციელებას მხოლოდ ირანი განახორციელებს.