Loading data...
„ირანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად დიდი მოკავშირეა“ - „ჰეზბოლა“ აშშ-ირანის შეთანხმებას მიესალმება

ირანის მხარდაჭერილმა ლიბანურმა დაჯგუფებამ „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ მიესალმება აშშ-ირანის შეთანხმებას, თუმცა გააფრთხილა, რომ არ შეეგუება მომავალში ისეთ თავდასხმებს, რომლებიც „ლიბანის ეროვნულ სუვერენიტეტს არღვევს“.

წერილობით განცხადებაში „ჰეზბოლამ“ ირანს „დიდი მიღწევა“ მიულოცა და მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ თეირანი დაჟინებით მოითხოვდა, ნებისმიერი შეთანხმება ლიბანში ცეცხლის შეწყვეტასაც მოეცვა.

„ირანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად დიდი მოკავშირე და ძლიერი მხარდამჭერია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანისა და შუამავალი პაკისტანის განცხადებით, შეთანხმება, რომელსაც სავარაუდოდ პარასკევს მოეწერება ხელი, დაუყოვნებლივ დაასრულებს საბრძოლო მოქმედებებს ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანშიც.

ბოლო თვეებში „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა. შეთანხმების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზეც მიიტანა იერიში.

„ჰეზბოლამ“, ასევე, განაცხადა, რომ „არ მიიღებს არცერთ აგრესიას, რომელიც არღვევს ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს და ჩვენი ხალხის სისხლს ხელყოფს“. დაჯგუფებამ პირობა დადო, რომ გააგრძელებს თავისი ტერიტორიის დაცვას „ვიდრე ისრაელის ჯარები სრულად არ დატოვებენ ლიბანს და ტყვეები არ დაბრუნდებიან“.