Loading data...
ირანმა კატარის მიმართულებით 66 რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა

ირანმა კატარის მიმართულებით 66 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. 

კატარის ტერიტორიაზე ირანის რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ალ-ჯაზირა კატარის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიგადის გენერალმა აბდულა ხალიფა ალ-მუფტაჰმა, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ კატარის მიმართულებით 66 რაკეტა ისროლეს და ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ნამსხვრევების ჩამოვარდნის შესახებ 114 შეტყობინება მიიღო. მან დასძინა, რომ ერთ-ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია.

კატარის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმების მეორე ტალღის „წარმატებული მოგერიების“ შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველა ირანული რაკეტა ქვეყნის საჰაერო სივრცეში მოხვედრამდე იქნა ჩამოგდებული. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ქმედებებს „უგუნური“ უწოდა. 

„ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის პრინციპებს. კატარი იტოვებს უფლებას, უპასუხოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იბრაჰიმ სულთან ალ-ჰაშიმიმ.

რა უძღოდა მოვლენებს წინ 👇

28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. 

საპასუხოდ, თეირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზებსა და იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ვაშინგტონის მოკავშირეებად მიიჩნევს.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა პირველი 12 საათის განმავლობაში ირანში მდებარე სამიზნეებზე თიუთქმის 900 ჯერ მიიტანეს იერიში. 

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.

მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.