ირანმა დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, რომ ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენებაზე აშშ-ისთვის ნებართვის მიცემა „აგრესიაში მონაწილეობად“ ჩაითვლება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ბრიტანელ კოლეგა ივეტ კუპერთან სატელეფონო საუბარი გამართა. არაღჩიმ კუპერი გააფრთხილა, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზების გამოყენებაზე აშშ-ისთვის ნებართვის მიცემა „აგრესიაში მონაწილეობად“ ჩაითვლება. ინფორმაციას BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აბას არაღჩიმ საუბრისას განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ აშშ-ისთვის გაწეული ნებისმიერი დახმარება „სიტუაციის ესკალაციას“ გამოიწვევს.
არაღჩიმ დიდი ბრიტანეთი და სხვა ევროპული ქვეყნები აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან „აშკარა აგრესიის“ მიმართ „მიკერძოებულ მიდგომაში“ დაადანაშაულა.
გავრცელებული ინფორმაციით, არაღჩიმ ასევე გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთი ირანის სამხრეთ ფარსის გაზის საბადოებზე ისრაელის დარტყმების დაგმობის უგულებელყოფის გამო.