Loading data...
ირანმა და რუსეთმა კომპანია Starlink საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულეს

ირანმა და რუსეთმა ამერიკელი ბიზნესმენის, ილონა მასკის კომპანია Starlink საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულეს, რადგანაც არ არსებობს სამხედრო და სამოქალაქო ტექნოლოგიებს შორის მკაფიო ზღვარი. ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამართულ შეხვედრაზე ირანელმა და რუსმა დიპლომატებმა განაცხადეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ირანის წარმომადგენლებმა ვენაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქვეყანაში Starlink-ის უკანონო გამოყენება ირანის სუვერენიტეტს არღვევს და ეს არის „თანამგზავრების მეგა-დაჯგუფების არასანქცირებული სამხედრო გამოყენების ტოლფასი“.

რუსეთის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ SpaceX, შესაძლოა, კოსმოსის შესახებ 1967 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას არღვევს, რომელიც აშშ-ის და სხვა, 100-ზე მეტი ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული. ის თანამგზავრების ოპერატორებისგან კოსმოსური დარგის სხვა მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებას მოითხოვს.

რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თანამგზავრების ფართო ქსელის არსებობა, რომელსაც კერძო კომპანიები მართავენ, „კოსმოსური საქმიანობის გრძელვადიან ინტერესებს და მდგრადობას, და კოსმოსური სივრცის გამოყენებას არ შეესაბამება“.

SpaceX ამჟამად Starlink-ის თანამგზავრების ქსელს მართავს, რომელშიც 9600 სატელიტი შედის. ამ ტექნოლოგიას აქტიურად იყენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები. თებერვლის დასაწყისში SpaceX-მა უკრაინული მხარის თხოვნით მიიღო ზომები, რათა Starlink-ის თანამგზავრები რუსულმა ძალებმა ვერ გამოიყენონ.

ასევე Starlink-ით აქტიურად სარგებლობდნენ ირანში, საპროტესტო აქციების მონაწილეები. ეს სისტემა კავშირის ძირითადი საშუალება გახდა, როდესაც ირანის ხელისუფლებამ ქვეყანაში ინტერნეტი გამორთო. Starlink ირანში აკრძალულია, მაგრამ, სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ბოლო წლებში ქვეყანაში თანამგზავრული კავშირის 50 000 ტერმინალი არალეგალურად იყო შეტანილი.