ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდაცვის რადარის ობიექტს ექვსი დრონის გამოყენებით დაარტყა.
„ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია და ამერიკელი მტრის მხრიდან ნებისმიერ აგრესიას კიდევ უფრო მკაცრი და მძლავრი პასუხი მოჰყვება“, - ნათქვამია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.
ბაჰრეინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის საჰაერო თავდასხმის ობიექტები იქამდე გაანადგურა, „სანამ ისინი სამიზნეს მიაღწევდა“.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 13 ნოემბერს, ირანმა ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების სარადარო სისტემაზე იერიში მიიტანა. ეს სექტემბრის შემდეგ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე განხორციელებული პირველი თავდასხმაა.
„ბაჰრეინის სამეფო უმკაცრესად გმობს ირანის მხრიდან მის ტერიტორიაზე განხორციელებულ განგრძობად, სასტიკ თავდასხმებს და მათ შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს“, - ნათქვამია ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.