Loading data...
ირანმა აშშ-ს სამეტაპიანი გეგმა შესთავაზა, რომელიც ომის 30 დღეში დასრულებას ითვალისწინებს - Al Jazeera

ირანმა აშშ-ს პაკისტანის მეშვეობით ომის დასრულების სამეტაპიანი გეგმა შესთავაზა. კერძოდ, ის ცეცხლის შეწყვეტიდან მუდმივ მშვიდობაზე გადასვლას ითვალისწინებს, იუწყება Al Jazeera წყაროებზე დაყრდნობით.

აღნიშნულია, რომ ირანის გეგმა მიზნად ისახავს, დროებითი ცეცხლის შეწყვეტა 30 დღის განმავლობაში ომის დასრულებაში გადაიზარდოს. ის მოიცავს თავდაუსხმელობის ვალდებულებას, მათ შორის ისრაელის მხრიდან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ომის ხელახლა დაწყების თავიდან აცილება.

წყაროებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ გეგმის პირველი ეტაპი ჰორმუზის სრუტის თანდათანობით გახსნა და აშშ-ის მიერ ირანის პორტებზე ბლოკადის მოხსნაა. თეირანი პირობას დებს, რომ საზღვაო ნაღმების გაწმენდის საქმეს თავის თავზე აიღებს.

წყაროების ცნობით, გეგმის მეორე ეტაპი ითვალისწინებს ირანის მიერ ურანის გამდიდრების განახლებას დადგენილი 3.6%-იანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, ე.წ. „ნულოვანი მარაგის პრინციპის“ შესაბამისად (ლიმიტზე მეტი გამდიდრებული ურანი არ უნდა დაგროვდეს).

გამოცემის წყაროებმა დასძინეს, რომ გეგმა ასევე უარყოფს ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის დემონტაჟს, ან მისი ობიექტების განადგურებას. თეირანი ასევე მოითხოვს სანქციების მოხსნას გაყინული თანხების თანდათანობით გასათავისუფლებლად.

წყაროებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ირანის გეგმის მესამე ეტაპი მოიცავს არაბ მეზობლებთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას და უსაფრთხოების სისტემის შექმნას, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს.