Loading data...
ირანმა აშშ-ის ძალებზე საპასუხო იერიში შესაძლოა, მომდევნო ერთ-ორ დღეში განახორციელოს - Reuters

აშშ ფიქრობს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ თეირანი ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებზე საპასუხო თავდასხმას უახლოეს მომავალში განახორციელებს. თუმცა აშშ კვლავ ეძებს საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტას, რომლის მიხედვითაც თეირანი ნებისმიერ თავდასხმაზე უარს იტყვის. ამის შესახებ Reuters ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. 

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც Reuters-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრა, განაცხადა, რომ ირანის საპასუხო თავდასხმა შესაძლოა, მომდევნო ერთ-ორ დღეში მოხდეს.

ირანი შურისძიებით დაიმუქრა მას შემდეგ, რაც აშშ-მა 21-22 ივნისს ღამეს მისი ბირთვული ობიექტები დაბომბა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ირანი საპასუხო დარტყმის წინააღმდეგ გააფრთხილეს, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დარტყმების შემდეგ განაცხადა, რომ ირანის მიერ აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ შურისძიებას გაცილებით დიდი ძალა დახვდება, ვიდრე ის, რაც აშშ-მა 21-22 ივნისის იერიშების დროს გამოიყენა. 

გაერთიანებული შტაბების უფროსების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა 22 ივნისს განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა გააძლიერეს ჯარების დაცვა რეგიონში, მათ შორის ერაყსა და სირიაში.

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი ძალები ჰყავს განლაგებული. რეგიონში თითქმის 40 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ზოგიერთი მათგანი მართავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, გამანადგურებელ თვითმფრინავებს და სამხედრო ხომალდებს, რომლებსაც შეუძლიათ მოწინააღმდეგის რაკეტების აღმოჩენა და ჩამოგდება, თუმცა მათი პოზიციები თავდასხმების მიმართ დაუცველია.

გასულ კვირას Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ბაზებიდან რამდენიმე თვითმფრინავი და გემი გადაიტანა, რომლებიც შესაძლოა, ირანის ნებისმიერი პოტენციური თავდასხმის მიმართ დაუცველი ყოფილიყო. ეს მოიცავდა თვითმფრინავების გაყვანას 24 ჰექტარზე გადაჭიმული ალ-უდეიდის ავიაბაზიდან, რომელიც დედაქალაქ დოჰას მახლობლად უდაბნოში მდებარეობს. ეს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზაა, სადაც დაახლოებით 10 000 ჯარისკაცია განლაგებული.