„ირანის უსაფრთხოება წითელი ხაზია“ - თეირანი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში აშშ-ის ჩარევა რეგიონში ქაოსს გამოიწვევს
ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ აშშ-ის ჩარევა ირანის საპროტესტო აქციებში რეგიონში ქაოსს გამოიწვევს.
ლარიჯანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იძალადებს, აშშ მათ დასახმარებლად გამოვა.
ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ხამენეის მრჩეველი ალი შამხანიც.
„ნებისმიერი ინტერვენციონისტული ხელი, რომელიც ნებისმიერი საბაბით თავს დაესხმება ირანის უსაფრთხოებას, პასუხს მიიღებს. ირანის უსაფრთხოება წითელი ხაზია“, - წერს უზენაესი ლიდერის მრჩეველი ალი შამხანი X-ზე.
ცნობისთვის, ირანში ეკონომიკური სირთულეების გამო ბოლო სამი წლის განმავლობაში გამართულმა ყველაზე მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა რამდენიმე პროვინციაში ძალადობრივი სახე მიიღო, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.