ირანის უმაღლესმა ლიდერმა საპროტესტო აქციებში აშშ დაადანაშაულა
ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ და მისი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პასუხისმგებლები არიან მსხვერპლზე, ზარალზე და ცილისწამებაზე ირანში ამ დღეებში მომხდარი საპროტესტო აქციების დროს. ამის შესახებ BBC იუწყება.
თავის გამოსვლაში ხამენეიმ დაადასტურა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი იყო მოკლული, მათ შორის ზოგიერთი „არაადამიანური ბარბაროსული მეთოდით“, მაგრამ მან მსხვერპლზე პასუხისმგებლობა „ამბოხების ინსპირატორებს“ დააკისრა.
ხამენეიმ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი არის დამნაშავე და რომ აშშ-მა ამ დღეებში ირანში მომხდარ არეულობაზე პასუხი უნდა აგოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მიზანი „ირანის შთანთქვაა“.
აშშ-ში ბაზირებული ირანული უფლებადამცავი ორგანიზაციის ცნობით, ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს, რომლებიც 28 დეკემბერს დაიწყო, 3090 ადამიანი დაიღუპა. საპროტესტო გამოსვლები ეკონომიკური პრობლემებით დაიწყო და მალევე პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა.
15 იანვრის შემდეგ საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად აღარ ვრცელდება, მაგრამ შეწყდა თუ არა პროტესტი, ბოლომდე უცნობია, რადგანაც ირანში ინტერნეტი კვლავ გათიშულია.