Loading data...
ირანის უმაღლესი დიპლომატი ომანსა და საუდის არაბეთში კოლეგებს ესაუბრა - საუბრის მთავარი თემები რეგიონში მშვიდობა და ჰორმუზის სრუტე იყო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ომანისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ცალ-ცალკე სატელეფონო საუბრები გამართა. საუბრის მთავარი თემები რეგიონში მშვიდობა და ჰორმუზის სრუტე იყო. წერს CNN.

„ლიდერებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას. მათ, ასევე, განიხილეს ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება რეგიონში სტაბილურობის დასამყარებლად და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი არასტაბილურობის აღმოსაფხვრელად, რაც შეერთებული შტატების აგრესიული ქმედებებით არის გამოწვეული“, - ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საუდის არაბეთსა და ომანს სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით ამ დროისთვის ოფიციალური განცხადებები არ გაუვრცელებიათ.

თუმცა, ზარების დრო მნიშვნელოვანია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ომანის დელეგაცია ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის თეირანს ეწვია. ამასთან, საუდის არაბეთი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების მხრიდან იემენსა და ერაყში გახშირებული თავდასხმების წინაშე დგას.