ირანის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობამ შესაძლოა, ვერ შეძლოს არასტაბილურობის საზღვრებს გარეთ გავრცელების თავიდან აცილება
ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ განაცხადა, რომ მთავრობამ შესაძლოა, ვერ შეძლოს არასტაბილურობის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გავრცელების თავიდან აცილება, რაც თეირანის მეზობლების შეშფოთებას იწვევს.
ნასირზადეს თქმით, ხელისუფლება ყველა ძალას გამოიყენებს „შეიარაღებული, სასტიკი ტერორისტების“ ჩასახშობად, თუმცა შესაძლოა, ვერ შეძლოს მეზობელ ტერიტორიებზე არსებული დაუცველობის გაკონტროლება.
„მათ, ვინც არეულობები დაგეგმეს და განახორციელეს, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ ვაკვირდებით“, - განაცხადა ნასირზადემ.
მისივე თქმით, „ზოგიერთი მეამბოხე თავს დაესხა სამხედრო ბაზებს იარაღის წართმევისა და არეულობაში მისი გამოყენების მიზნით“.
მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, მან ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი მომიტინგე თავს დაესხა რელიგიურ და კულტურულ ობიექტებს.
ცნობისთვის, მანამდე ირანის ხელისუფლებამ ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე განაცხადა, რომ არეულობების უკან უცხოელებთან დაკავშირებული „ტერორისტები“ დგანან.