ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანი შეერთებულ შტატებთან შეხვედრას დათანხმდა, რათა „დიპლომატიას შანსი მისცეს“

ირანი მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან მაღალი დონის შეხვედრას „რეალურ შანსს“ აძლევს. შეხვედრა ომანის შუამავლობით 12 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების სპიკერმა განაცხადა, რომ თეირანი შეერთებულ შტატებთან შეხვედრას დათანხმდა, რადგან ეს „სერიოზულად და ღია სიფხიზლით დიპლომატიას რეალურ შანსს აძლევს“.
„შეერთებულმა შტატებმა უნდა დააფასოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც კონფრონტაციული აურზაურის მიუხედავად მივიღეთ“, - განაცხადა ბაგაიმ და დასძინა, რომ ირანი შემდგომ გადაწყვეტილებებს მოლაპარაკებების შედეგების საფუძველზე მიიღებს.
ინფორმაციისთვის, 7 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი დაიწყებენ მოლაპარაკებებს ომანში, რომელიც ადრე დასავლეთსა და ირანს შორის შუამავლის როლს ასრულებდა.
ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, ხოლო შუამავლის როლს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბადრი ალ-ბუსაიდი შეასრულებს.
ბოლო პირდაპირი მაღალი დონის მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის 2015 წელს შედგა, როდესაც აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ირანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ბირთვული შეთანხმების დასასრულებლად მუშაობდნენ.