Loading data...
ირანის საგარეო უწყების სპიკერი: აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა, მათ შორის შეზღუდული დარტყმები, „აგრესიის აქტი“ იქნება

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა, მათ შორის შეზღუდული დარტყმები, „აგრესიის აქტი“ იქნება, რაც საპასუხო ქმედებებს გამოიწვევს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაღაეიმ თეირანში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იგი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ თუ თეირანი შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ირანზე შეზღუდული დარტყმის განხორციელებას განიხილავს.

„რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას შეზღუდულ დარტყმასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, შეზღუდული დარტყმა არ არსებობს“, - განაცხადა ბაღაეიმ.

„აგრესიის აქტი აგრესიის აქტად ჩაითვლება. წერტილი. და ნებისმიერი სახელმწიფო სასტიკად უპასუხებდა აგრესიის აქტს, როგორც თავდაცვის უფლების ნაწილს, ასე რომ, ჩვენც ასე მოვიქცეოდით“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ბირთვულ საკითხებზე აშშ-ირანის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი 26 თებერვალს ჟენევაში გაიმართება.