ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: თეირანი აშშ-სთან ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, ახლა მოლაპარაკებებზე საუბარი დამარცხების აღიარებას ნიშნავს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ირანი არ გეგმავს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების წარმოებას და თეირანი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
არაღჩიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა თეირანს სამშვიდობო გეგმა შესთავაზა.
„ამჟამად ჩვენი პოლიტიკა წინააღმდეგობის გაგრძელებაა“, - განაცხადა არაღჩიმ სახელმწიფო ტელევიზიით და დასძინა: „ჩვენ არ ვაპირებთ მოლაპარაკებებს - ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა და მე მჯერა, რომ ჩვენი პოზიცია სრულიად პრინციპულია“.
„ახლა მოლაპარაკებებზე საუბარი დამარცხების აღიარებას ნიშნავს“, - აღნიშნა მან.
არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „მხოლოდ მტრებისთვისაა დაკეტილი“.
„ჩვენი პერსპექტივიდან, ჰორმუზის სრუტე სრულად დაკეტილი არ არის — ის მხოლოდ მტრებისთვისაა დაკეტილი. არ არსებობს მიზეზი, რომ ჩვენი მტრებისა და მათი მოკავშირეების გემებს გავლის უფლება მივცეთ“, - განაცხადა ირანის უმაღლესმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, თეირანის შეიარაღებულმა ძალებმა მეგობარი ქვეყნების გემებისთვის უკვე „უზრუნველყვეს უსაფრთხო გავლა“.