ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მოსკოვში ჩავიდა.
როგორც რუსული მედია წერს, არაღჩი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
გარდა ამისა, შეხვედრები დაგეგმილია რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებთან.
„აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა, რათა აშშ-სა და ისრაელის მიერ ისლამურ რესპუბლიკაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე მოლაპარაკებები გამართოს“, - წერს უცხოური მედია.
ცნობისთვის, ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაცია 22 ივნისის ღამეს განხორციელდა.
შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.
დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰაგსეთმა განაცხადა, რომ ოპერაციამ ირანის ბირთვული ამოცანები გაანადგურა.