ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარეთს მოუწოდებს, არ დაუშვას მის ავიაბაზაზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების განლაგება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ბულგარეთს მოუწოდებს, გადახედოს გადაწყვეტილებას, რომელიც აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების ბეზმერის საჰაერო ბაზაზე დროებით განლაგებას ითვალისწინებს, იუწყება ირანის სახელმწიფო მედია.
ბულგარელ კოლეგასთან ველისლავა პეტროვა-ჩამოვასთან სატელეფონო საუბრისას არაღჩიმ განაცხადა, რომ სოფიას მიერ აშშ-ის მოთხოვნის დამტკიცება, სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად ბაზაზე სამხედრო თვითმფრინავების განლაგების შესახებ, ირანის წინააღმდეგ აგრესიის ხელშეწყობას წარმოადგენს და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი მიუღებელია და ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს.
არაღჩიმ ცალკე სატელეფონო საუბარი გამართა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრ კონსტანტინოს კომბოსთან და ხაზი გაუსვა კვიპროსში უცხოური სამხედრო ბაზების ირანის წინააღმდეგ გამოყენების თავიდან აცილების მნიშვნელობას.
ცნობისთვის, ირანმა არაერთხელ გააფრთხილა ქვეყნები, რომლებიც შეერთებულ შტატებს სამხედრო ოპერაციებისთვის თავიანთი ტერიტორიის გამოყენების უფლებას აძლევენ, რომ ისინი შესაძლოა, „შედეგების წინაშე აღმოჩნდნენ“.
ირანის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბულგარეთის პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა რვა ამერიკული KC-135 ტიპის მფრინავი ტანკერის და 250-მდე პერსონალის დროებით განლაგება ბეზმერის საჰაერო ბაზაზე. სოფიამ განაცხადა, რომ შეტევითი იარაღის განლაგება არ მოხდება და რომ ეს ნაბიჯი ბულგარეთს სამხედრო ოპერაციებში მონაწილე მხარედ არ აქცევს.
კვიპროსი ორ ბრიტანულ სუვერენულ სამხედრო ბაზას მასპინძლობს, მათ შორის სამეფო საჰაერო ძალების ბაზა „აკროტირის“, რომელიც ირანულმა დრონმა მარტის დასაწყისში, ირანთან ისრაელისა და აშშ-ის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, დაბომბა.