Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სანქციებს „სამწუხარო“ უწოდა

ევროკავშირის სანქციები, რომელიც ირანს ისრაელზე თავდასხმის გამო დაუწესეს, „სამწუხაროა“, რადგან ქვეყანა თავდაცვის მიზნით მოქმედებდა, - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი სოციალურ ქსელ X-ში.

ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანისთვის სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ, კერძოდ, თეირანისთვის იარაღის ექსპორტზე სანქციების გამკაცრების შესახებ, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი თვითმფრინავის, ან რაკეტის ექსპორტს ირანის მარიონეტულ ქვეყნებსა და რუსეთში.

„სამწუხაროა, რომ ევროკავშირმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს უფრო მეტი უკანონო შეზღუდვა ირანის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ირანმა ისრაელის უგუნური აგრესიის გამო თავდაცვის უფლება გამოიყენა“, - განაცხადა ამირ-აბდოლაჰიანი.

შეგახსენებთ, 13-14 აპრილს ღამით ირანმა 300-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი და რაკეტა ისრაელის წინააღმდეგ გაუშვა, როგორც შურისძიება ისრაელის მიერ დამასკოში მისი საელჩოს შენობის დაბომბვის გამო.