Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის გაფრთხილება: ჰორმუზის სრუტეში ჩარევა მის ხელახლა გახსნას შეაფერხებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განაცხადებით, ჰორმუზის სრუტის მართვაში ირანისთვის ხელის შეშლის ნებისმიერი მცდელობა რეგიონში დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს, იმ ფონზე, როდესაც სულ უფრო მეტი სავაჭრო გემი ცდილობს თავი აარიდოს თეირანის მიერ კონტროლირებულ მარშრუტებს.

ერაყში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე არაღჩიმ აღნიშნა, რომ ამ თვის დასაწყისში აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, „როგორც კი არსებული დაბრკოლებები მოიხსნება, ჰორმუზის სრუტე 30 დღის განმავლობაში დაუბრუნდება ომამდელ გამტარუნარიანობას და მისი მართვა სრულად ირანის კონტროლის ქვეშ იქნება“.

„ამ შეთანხმებების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება და ნებისმიერი ჩარევა ან პარალელური მექანიზმების შექმნის მცდელობა მხოლოდ გაართულებს ვითარებას, გაზრდის დაძაბულობას და შეაფერხებს ამ უმნიშვნელოვანესი საზღვაო გზის ხელახლა გახსნას“, - აცხადებს არაღჩი.

არაღჩიმ დასძინა, რომ „ბოლო ორი ღამის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში მომხდარი ინციდენტები და შეტაკებები ამის ნათელი მტკიცებულებაა“, რაც ეხება აშშ-ის მიერ ირანის სანაპირო სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს მას შემდეგ, რაც ხუთშაბათიდან ჰორმუზთან ახლოს ორ სავაჭრო გემზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა. 

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა „პარალელურ მექანიზმებში“, თუმცა გემების მზარდი რაოდენობა ცდილობს ირანის კონტროლისგან თავის არიდებას ომანის სანაპიროსთან ახლოს სამხრეთის მარშრუტის გამოყენებით.