Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ზელენსკიზე: ის, რაც კიევში მყოფმა ამ მუქთახორამ ჩაიდინა, უპასუხოდ ვერ დარჩება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ირანულ კომერციულ გემზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ არაღჩი პლატფორმა X-ზე წერს. 

„ზელენსკიმ ირანულ კომერციულ გემზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ერთი მეზღვაური დაიღუპა. ეს არის გაეროს წესდების უხეში დარღვევა, რაც ისრაელის მითითებით გაკეთდა, რათა ევროპა თავის ომში ჩაითრიოს. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კალასსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან სატელეფონო საუბრებში მკაფიოდ აღვნიშნე, რომ ის, რაც კიევში მყოფმა ამ მუქთახორამ ჩაიდინა, უპასუხოდ ვერ დარჩება“, - აცხადებს არაღჩი. 

ინფორმაციისთვის, ირანი უკრაინას ირანულ სავაჭრო გემზე თავდასხმაში ადანაშაულებს. 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო უკრაინის მიერ კასპიის ზღვაში ირანის კომერციულ გემზე განხორციელებული თავდასხმა და განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.

თეირანმა მომხდარი „აგრესიულ აქტად“ შეაფასა და განაცხადა, რომ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კასპიის ზღვაში ირანიდან რუსეთში სამხედრო ტვირთის გადამტან გემებზე თავდასხმა განახორციელა.