ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ომი ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, უნდა დასრულდეს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, სრულად უნდა დასრულდეს.
„სამწუხაროა, რომ ისრაელი თავდასხმებს კვლავ აგრძელებს. შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, შეერთებულ შტატებს პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება, შეაჩეროს ეს თავდასხმები, უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გაყვანა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. თუმცა, ამ შეთანხმებამ - ისევე როგორც პარასკევს ისრაელისა და ლიბანის მთავრობებს შორის ხელმოწერილმა ახალმა შეთანხმებამ - სამხრეთ ლიბანში მიმდინარე შეტაკებების შემცირება ჯერჯერობით ვერ უზრუნველყო.
თავის მხრივ, ისრაელმა განაცხადა, რომ მისი სამხედრო ძალები სამხრეთ ლიბანში დარჩებიან, რადგან აგრძელებენ ირანის მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ სამხედრო შესაძლებლობების შესუსტების ოპერაციებს.