ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ხამენეის გზა გაგრძელდება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის უზენაესი ლიდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები, რომლებიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე დიპლომატიური მოლაპარაკებების პარალელურად განხორციელდა.
„ხამენეის გზა გაგრძელდება“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.
28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
საპასუხოდ, თეირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზებსა და იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ვაშინგტონის მოკავშირეებად მიიჩნევს.
აშშ-ის სამხედრო ძალებმა პირველი 12 საათის განმავლობაში ირანში მდებარე სამიზნეებზე თითქმის 900 ჯერ მიიტანეს იერიში.
ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.
მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ირანული მედია ადასტურებს, რომ ლიკვიდირებულია შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსიც.
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩევლის ალი ლარიჯანის განცხადებით, მალე ირანში შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები შევლენ.