Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გავაგრძელებთ სარაკეტო თავდასხმებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, მოლაპარაკებები ჩვენს დღის წესრიგში აღარ არის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, გააგრძელოს თავდასხმები იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ამასთან, იგი გამორიცხავს მოლაპარაკებებს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „მალე“ დასრულდება.

„სროლა გრძელდება და ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები, რომ გავაგრძელოთ მათზე თავდასხმა ჩვენი რაკეტებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და რამდენიც დასჭირდება“, - განუცხადა არაღჩიმ ამერიკულ მაუწყებელ PBS News-ს.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები დღის წესრიგში აღარ დგას.

„ამერიკელებთან საუბრის ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ირანზე აშშ-ის ორივე თავდასხმა, ივნისშიც და ახლაც, ქვეყნებს შორის წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ მოხდა. 

მოლაპარაკებები „ჩვენს დღის წესრიგში აღარ არის“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მისივე თქმით, აშშ-მა და ისრაელმა ომის პირველ დღეებში ირანში რეჟიმის შეცვლა „ვერ შეძლეს“ და ახლა „უმიზნოდ“ ​​არიან.