ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბეირუთზე ნებისმიერ თავდასხმას მძიმე შედეგები მოჰყვება და ომის სრულმასშტაბიან განახლებას გამოიწვევს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ნებისმიერი თავდასხმა ახლო აღმოსავლეთში ომის „სრულმასშტაბიან განახლებას“ გამოიწვევს.
„ბეირუთზე ნებისმიერ თავდასხმას მძიმე შედეგები მოჰყვება და ომის სრულმასშტაბიან განახლებას გამოიწვევს. ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან, დაარტყან ისრაელს, თუ ის ბეირუთს თავს დაესხმება“, - განაცხადა არაღჩიმ.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებთან კომუნიკაციის ხაზები კვლავ ღიაა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში „ხელშესახები პროგრესი“ არ არის მიღწეული.
„ამერიკელებთან კომუნიკაცია არ შეწყვეტილა და ბეირუთის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერების აუცილებლობასთან დაკავშირებით შეტყობინებები გავცვალეთ, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში ხელშესახები პროგრესი არ მიღწეულა. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება დამოკიდებულია ირანელი ხალხის უფლებების უზრუნველყოფაზე, ლიბანში ომის დასრულებასა და რეგიონში დაძაბულობის შეჩერებაზე“, - აღნიშნა ირანის უმაღლესმა დიპლომატმა.