Loading data...
ირანის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა დასავლეთთან და ისრაელთან ომშია

„ირანი დასავლეთთან და ისრაელთან ომშია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია გამოვასწოროთ“, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ჩვენ ვართ სრულმასშტაბიან ომში ამერიკასთან, ისრაელთან და ევროპასთან. მათ არ სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე დადგეს“, – ამბობს პეზეშკიანი.

მისივე თქმით, ირანი ალყაშია მოქცეული და სირთულეებს უქმნიან, მათ შორის სანქციების ხელახლა დაწესების გზით.

„ერთი მხრივ, ისინი ბლოკავენ ჩვენს ვაჭრობას, მეორე მხრივ კი, ირანის საზოგადოების მოლოდინები იზრდება. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც შეგვიძლია მთელი ჩვენი ძალით, რომ ქვეყანაში სიტუაცია გამოვასწოროთ“, – ამბობს ირანის პრეზიდენტი.

ირანის პრეზიდენტმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში ვიზიტისთვის ემზადება, სადაც ის დონალდ ტრამპთან ირანის საკითხის განხილვას აპირებს.