ირანის ოპოზიციის ლიდერი რეზა ფეჰლევი: აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის უსაფრთხოება დაარღვია, სანდო ცნობებით, ხამენეის ოჯახი ირანიდან გასაქცევად ემზადება

ირანის უკანასკნელი შაჰის შვილმა და ოპოზიციის ლიდერმა რეზა ფეჰლევიმ რეგიონში მიმდინარე „დამანგრეველ კონფლიქტში“ ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი დაადანაშაულა.
ფეჰლავი აცხადებს, რომ ალი ხამენეიმ და მისმა კორუფციულმა რეჟიმმა ირანის ეკონომიკა კოლაფსის პირას მიიყვანა.
„ალი ხამენეიმ და მისმა კორუმპირებულმა, დესტრუქციულმა რეჟიმმა ჩვენი ერის ეკონომიკა კოლაფსის ზღვართან მიიყვანა, ქვეყნის ეროვნული ინფრასტრუქტურა და რესურსები გაძარცვა, ერის სიმდიდრე ბირთვული იარაღის განვითარებაზე გაფლანგა, ირანის უსაფრთხოება დაარღვია და ირანელი ხალხის სუვერენიტეტი მოიპარა“, - აღნიშნა ირანის ოპოზიციის ლიდერმა.
ირანის ოპოზიციის ლიდერი დასძენს, რომ ამჟამად ირანის მმართველი რეჟიმი ჩამოშლის პირასაა და მას არ უნდა მიეცეს უფლება, გააგრძელოს ქვეყნის მართვა.
„სანდო ცნობების მიხედვით, ალი ხამენეის ოჯახი და რეჟიმის უმაღლესი ოფიციალური პირების ოჯახებიც ირანიდან გასაქცევად ემზადებიან. რეჟიმი მთელ ქვეყანაში, ქალაქებსა და დასახლებებში გამოფიტულია. არმია დაყოფილია. ხალხი გაერთიანებულია. 46-წლიანი ტირანიის საფუძვლები ირყევა. ეს არის ჩვენი ბერლინის კედლის მომენტი, მაგრამ როგორც ყველა დიდი ცვლილების მომენტი, ის საფრთხითაა აღსავსე. ჩვენ გზაგასაყარზე ვდგავართ. ერთი გზა სისხლის ღვრისა და ქაოსისკენ მიდის, მეორე – მშვიდობიანი და დემოკრატიული გარდაქმნისკენ. დადგა დრო, ირანისთვის ახალი ერა დაიწყოს“, - განაცხადა ირანელმა ოპოზიონერმა.