ირანის მთავარი მომლაპარაკებელი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ცენტრალური ბანკის გუბერნატორი მოლაპარაკებებისთვის კატარში ჩავიდნენ
აშშ-თან მოლაპარაკებებში ირანის მთავარი წარმომადგენელი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩავიდნენ, რათა ომის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ მოლაპარაკებები გამართონ, განუცხადა CNN-ს ვიზიტის შესახებ ინფორმირებულმა დიპლომატმა.
„დელეგაციის დოჰაში ვიზიტის მთავარი თემა (ჰორმუზის სრუტესთან) და მაღალგამდიდრებულ ურანთან დაკავშირებული საკითხებია“, - განაცხადა წყარომ.
დიპლომატის თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება ირანის ცენტრალური ბანკის გუბერნატორი აბდოლნასერ ჰემატი. როგორც წყარომ აღნიშნა, განსახილველ თემებს შორის იქნება ირანის გაყინული სახსრები, რომლებიც განხილულია ვაშინგტონსა და თეირანს შორის ამჟამად მოლაპარაკებების პროცესში არსებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში და რომელიც საბოლოო შეთანხმების ნაწილი იქნება.
კატარი აშშ-ის მთავარი მოკავშირეა და იმ არაბულ სახელმწიფოებს შორისაა, რომლებიც ირანმა აშშ-ისრაელის იერიშებზე პასუხად დაბომბა. ბოლო დროს კატარი ვაშინგტონსა და თეირანს შორის ომის დასრულების მიზნით შუამავლობაში უფრო თვალსაჩინო როლს თამაშობს.