ირანის მთავარი მომლაპარაკებელი: ჩვენ არ ვენდობით გარანტიებს, ან სიტყვებს - მხოლოდ ქმედებებია საზომი, არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება, სანამ მეორე მხარე არ იმოქმედებს
ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა დათმობებს „არა მოლაპარაკებებით, არამედ რაკეტებით“ აღწევს.
„ჩვენ დათმობებს არა მოლაპარაკებებით, არამედ რაკეტებით ვაღწევთ; მოლაპარაკებები მხოლოდ მათ გადმოცემას ემსახურება. ჩვენ არ ვენდობით გარანტიებს, ან სიტყვებს - მხოლოდ ქმედებებია საზომი“, - დაწერა ირანელმა ოფიციალურმა პირმა X-ზე.
როგორც CNN-ი წერს, ირანი და აშშ ცეცხლის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან. მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა ამ კვირაში მიიღო ინფორმაცია, რომ ირანი კმაყოფილია ომის დასრულების შესახებ წინადადების უახლესი პროექტით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ მას რამდენიმე დღე სჭირდება იმის გადასაწყვეტად, მოაწეროს თუ არა ხელი შეთანხმებას, განაცხადეს საკითხთან დაკავშირებულმა ოფიციალურმა პირებმა.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპი შეთანხმებას ხელს მოაწერს იქამდე, ვიდრე არ მიიღებს საბოლოო ინფორმაციას, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯტაბა ხამენეიმ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.
თუმცა ღალიბაფმა განაცხადა, რომ „არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება, სანამ მეორე მხარე არ იმოქმედებს“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ირანი აშშ-ის ნაბიჯს ელოდება.
მან დასძინა, რომ „ნებისმიერი შეთანხმების გამარჯვებული ის მხარეა, რომელიც ხელმოწერიდან მეორე დღესვე უკეთ არის მომზადებული ომისთვის“.
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი დოკუმენტით ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 60 დღით გახანგრძლივდება.