ირანის მხრიდან თავდასხმების საფრთხე იზრდება - აშშ-ის საელჩოები ახლო აღმოსავლეთში მოქალაქეებს აფრთხილებენ
აშშ-ის საელჩოებმა ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით გაფრთხილება გაავრცელეს და მოქალაქეებს მოუწოდეს, „განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ“.
როგორც მედია წერს, გაფრთხილების მიზეზად „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთზე განხორციელებული თავდასხმები და ირანისა და მისი სხვა მოკავშირე დაჯგუფებების მხრიდან ამერიკის ინტერესებზე შესაძლო თავდასხმები დასახელდა.
„გაითვალისწინეთ ფრენების შესაძლო გაუქმება, საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეფერხებები. არსებობს საფრთხე, რომ საომარი მოქმედებები შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს უშუალოდ ამ ტერიტორიის ფარგლებს მიღმა“, - ნათქვამია უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილებაში.
გაფრთხილების თანახმად, ამერიკელებმა, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრებიან ან რეგიონიდან გამგზავრებას გეგმავენ, უნდა აკონტროლონ აეროპორტებისა და ავიაკომპანიების მუშაობის შესახებ ინფორმაცია და წინასწარ შეიმუშაონ ალტერნატიული სამოქმედო გეგმები.
„ირანმა და მისმა მხარდამჭერმა დაჯგუფებებმა, შესაძლოა, საზღვარგარეთ აშშ-ის სხვა ინტერესებსაც შეუტიონ, მათ შორის ისეთ ადგილებში, რომლებიც შეერთებულ შტატებთან და ამერიკელებთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს ამერიკულ ბიზნესები და სხვა დაწესებულებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.