Loading data...
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი: ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა აღსასრულს მიუახლოვდა

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება“.

„ჩემო თანამემამულეებო, ალი ხამენეი, ჩვენი დროის სისხლისმსმელი დესპოტი, ირანის ათიათასობით მამაცი ვაჟისა და ქალიშვილის მკვლელი, ისტორიიდან წაიშალა. მისი სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება. რეჟიმის ნარჩენების მიერ ხამენეის მემკვიდრის დანიშვნის ნებისმიერი მცდელობა, თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის. ვისაც ისინი მის ადგილას დანიშნავენ, არც ლეგიტიმაცია ექნება და არც დღეგრძელობა და უდავოდ, ამ რეჟიმის დანაშაულების თანამონაწილე იქნება.

კრიმინალი ხამენეის სიკვდილი, ვერ იქნება შურისძიება დაღვრილი სისხლისთვის, მაგრამ შეიძლება, იქცეს მალამოდ მგლოვიარე მამებისა და დედების, ქმრებისა და ცოლების, ვაჟებისა და ქალიშვილების და იმ ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ირანის „ლომისა და მზის“ ეროვნულ რევოლუციას. ირანის პატივცემულო და მამაცო ხალხო, ეს შეიძლება, ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაულის დასაწყისი იყოს, მაგრამ ეს გზის დასასრული არ არის. ფხიზლად და მზად იყავით. ქუჩებში ფართოდ და გადამწყვეტად გამოსვლის დრო ძალიან ახლოსაა“, - წერს რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.

მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.