ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კამალ ხარაზი აშშ-ისრაელის დარტყმებს ემსხვერპლა - ირანული მედია
ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კამალ ხარაზი აშშ-ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა, იუწყება The Times Of Israel-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით.
ხარაზი 1-ელ აპრილს დაშავდა და მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ირანულმა მედიამ 9 აპრილს გაავრცელა.
ვეტერანი დიპლომატი, „რომელიც რამდენიმე დღის წინ ამერიკელ-სიონისტი მტრის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის დროს დაიჭრა, დღეს ღამით მოწამებრივად აღესრულა“, - იუწყებიან სააგენტოები Mehr და Isna Telegram-ზე.
მედიის ცნობით, მისი ცოლი თეირანში, მათ სახლზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა.
81 წლის ხარაზი მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
იგი იყო ირანის ელჩი გაეროში, ნიუ-იორკში, შემდეგ კი 1997 წლიდან 2005 წლამდე, რეფორმატორი პრეზიდენტის მოჰამედ ხათამის პრეზიდენტობის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.