ირანის ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციების ჩახშობის ფონზე, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ირანის ელჩები დაიბარა
ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ირანის ელჩები დაიბარა და დაგმო თეირანის მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები.
„ირანის რეჟიმის სასტიკი ქმედებები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შოკისმომგვრელია. ჩვენ მოვუწოდებთ ირანს, შეწყვიტოს ძალადობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და პატივი სცეს მათ უფლებებს. ირანის ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს“, - დაწერა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე.
„დღეს პარიზში ირანის ელჩი გამოვიძახე. არ შეიძლება, დაუსჯელად დარჩნენ ისინი, ვინც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იარაღს მიმართავს“, - დაწერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.
„ირანში არსებული ვითარება უაღრესად უნდა გვაღელვებდეს. სწორედ ამიტომ დავიბარე დღეს ბელგიაში ირანის ელჩი, რათა მკაცრად დამეგმო რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობა, თვითნებური დაკავებები, დაშინება, ინტერნეტის გათიშვა, რაც მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოძრაობის ჩახშობას, მოძრაობის, რომელიც მოუწოდებს დემოკრატიას, ირანელი ქალებისა და მამაკაცების უკეთესი ცხოვრებისკენ ლეგიტიმურ მისწრაფებას. ვაგრძელებ სიტუაციის განვითარებისთვის თვალყურის დევნებას ჩემს ევროპელ კოლეგებთან ერთად. ბელგია მზადაა, განიხილოს ახალი ევროპული სანქციები“, - დაწერა ბელგიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევოტმა X-ზე.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ასევე განაცხადა, რომ ირანის ელჩი დაიბარა.