Loading data...
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ - ტრამპმა ადრეც ვერ შეძლო თავის მუქარის განხორციელება, ახლა კი კვლავ იმუქრება, ვაშინგტონი მსგავსი ქმედებებით მხოლოდ მარცხს მიიღებს

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გაფრთხილებით მიმართავს. 

ირანის სახელმწიფო მედია Press TV-ის ცნობით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ ირანზე საჰაერო იერიშის შემთხვევაში ვაშინგტონი მხოლოდ წარუმატებლობას მიიღებს. 

„ტრამპს ავიწყდება, რომ მან ადრეც გააჟღერა მუქარები, თუმცა მათი განხორციელება ვერ შეძლო. ახლა კი კვლავ იმუქრება“, – განაცხადა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პრესსპიკერმა ჰოსეინ მოჰებიმ.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში კი აცხადებენ, რომ აშშ-ის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში თეირანი „კიდევ უფრო მკაცრ, გამანადგურებელ და არაპროგნოზირებად დარტყმებს“ განახორციელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ირანთან დაკავშირებით „დიდი გადაწყვეტილება“ აქვს მისაღები.