ირანის გვარდია აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ფაქტობრივად“ დაკეტილია
ირანის რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ რეგიონში საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია ნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტე აღარ არის უსაფრთხო და ფაქტობრივად, დაკეტილია მოძრაობისთვის, იუწყება მედია.
გვარდიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გემები გააფრთხილეს, თავი შორს დაიჭირონ „სრუტის გარშემო არსებული არასტაბილური ატმოსფეროს გამო, რაც გამოწვეულია აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო აგრესიით და ირანის საპასუხო ქმედებებით“.
„ჰორმუზის სრუტეში გემებისა და ტანკერების გავლის შეწყვეტის გამო, სრუტე, ფაქტობრივად, დაიკეტა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჰორმუზის სრუტე ნავთობისა და გაზის გადაზიდვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია. მისი დახურვა, სავარაუდოდ, ნავთობის ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც გლობალურ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
მანამდე დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ რამდენიმე გემმა მიიღო შეტყობინება სრუტის დახურვის შესახებ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შეტყობინებები იურიდიულად სავალდებულო არ იყო და გემებს ურჩიეს, „სიფრთხილით გადაადგილებულიყვნენ“.