Loading data...
ირანის გადაყენებული შაჰის შვილი: მჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი სიტყვის კაცია

ირანის გადაყენებული შაჰის შვილმა რეზა ფეჰლევიმ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ისლამური რესპუბლიკა დაეცემა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა უცხოური ჩარევის მნიშვნელობას. 

ფეჰლევის თქმით, მას კვლავ სჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეასრულებს თავის პირობას და ირანელ ხალხს დაეხმარება. 

„მე მჯერა, რომ პრეზიდენტი სიტყვის კაცია“, - განუცხადა ფეჰლევიმ ჟურნალისტებს ვაშინგტონში.

„მიუხედავად იმისა, მიიღება თუ არა ზომები, ჩვენ, როგორც ირანელებს, სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ“, - დასძინა მან.

ფეჰლევიმ პირობა დადო, რომ ირანში დაბრუნდება და ირანელ ხალხს მოუწოდა, 17 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით კვლავ ქუჩებში გამოვიდნენ.

ცნობისთვის, 28 დეკემბრიდან ირანში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობდა, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრამპი თეირანს ჩარევით დაემუქრა, თუკი მომიტინგეების მკვლელობას გააგრძელებდა. ირანმა მოქალაქეთა სიკვდილით დასჯის გეგმები გააუქმა, რის შემდეგაც ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას აფასებს.