Loading data...
ირანის გადაყენებული შაჰის შვილი აცხადებს, რომ „მზადაა, ირანში პირველივე შესაძლებლობისთანავე დაბრუნდეს“

ირანის გადაყენებული შაჰის აშშ-ში მცხოვრები ვაჟი აცხადებს, რომ მზადაა, ქვეყანაში დაბრუნდეს და დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლის პროცესს უხელმძღვანელოს.

„მზად ვარ, პირველივე შესაძლებლობისთანავე ირანში დავბრუნდე. ამას უკვე ვგეგმავ“, - განაცხადა რეზა ფეჰლევიმ Fox News-ის გადაცემაში.

„ჩემი საქმეა, ვუხელმძღვანელო ამ გარდამავალ პროცესს, რათა უზრუნველვყო, რომ არც ერთი ქვა არ დარჩეს გადაბრუნების გარეშე, რომ სრული გამჭვირვალობის პირობებში, ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად აირჩიოს ლიდერები და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი“, - დასძინა მან. 

ირანის მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 420 მომიტინგე. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, ირანელ ხალხს თავისუფლების მიღწევაში დაეხმაროს. ირანის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაქირ კალიბაფმა კი განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები და ისრაელი „ლეგიტიმური სამიზნეები“ იქნებიან, თუ აშშ ისლამურ რესპუბლიკას დაარტყამს.