Loading data...
ირანი უარყოფს მოთხოვნას ურანის გამდიდრების შეჩერების თაობაზე და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს „არატექნიკური სპეკულაციების“ გამო აკრიტიკებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ უარყო გერმანიის მოთხოვნა, რომ თეირანმა ურანის გამდიდრება შეწყვიტოს. მისი თქმით ირანს, როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების მონაწილე მხარეს, ურანის გამდიდრების უფლება აქვს.

„ირანის უფლება [ურანის] გამდიდრებაზე არ არის ისეთი რამ, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა, ან სხვებმა მოგვანიჭეს“, - დასძინა ბაგაიმ.

მან ასევე გააკრიტიკა გაეროს ბირთვული ზედამხედველობის ორგანო — ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო — იმის გამო, რასაც მან ირანის ცენტრალურ ქალაქ ისპაანში ურანის გამდიდრების შესაძლო ახალი ობიექტის შესახებ „არატექნიკური სპეკულაციები“ უწოდა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან ომის დროს სააგენტომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე წვდომა დაკარგა, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ირანი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს არ უგულებელყოფს.

შეკითხვაზე, თუ როგორი იქნება შესაძლო პასუხი განახლებულ თავდასხმებზე, ბაგაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი „არცერთ დარტყმას უპასუხოდ არ დატოვებს“.