Loading data...
ირანი მოუწოდებს მოსახლეობას კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შექმნან - The Hill

„ირანის ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობას მოუწოდეს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვები შექმნან“, - ამის შესახებ The Hill-ი იტყობინება. 

ამასთან, „ასოშიეითედ პრესის“ ცნობით, ირანის ხელისუფლებამ მოუწოდა ყველა ახალგაზრდას, სპორტსმენს, ხელოვანს, სტუდენტს და პროფესორს დაიცვან ელექტროსადგურები, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ემუქრება. 

„ელექტროსადგურები, ჩვენი ეროვნული აქტივები და კაპიტალია“, - განაცხადა ახალგაზრდობისა და მოზარდების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალირეზა რაჰიმიმ.

ამასთან, როგორც ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, 14 მილიონზე მეტმა ადამიანმა, საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე ნებაყოფლობით თანხმობა განაცხადა.

AP-ის ცნობით, თეირანში საჰაერო დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, მათ შორის საცხოვრებელ უბნებზე. 

ცნობისთვის, The Wall Street Journal-ის ცნობით, ირანმა ტრამპის მუქარის გამო შეერთებულ შტატებთან პირდაპირი კომუნიკაცია გაწყვიტა, თუმცა არაპირდაპირი მოლაპარაკებები გრძელდება.

დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანისთვის წაყენებულ ულტიმატუმს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დრო იწურება.

„ამაღამ მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და ის ვეღარასოდეს აღდგება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს მოხდება. მაგრამ ახლა, როცა მთელი რეჟიმის ცვლილება მოხდა, რომელსაც სათავეში სხვები, უფრო ჭკვიანები და ნაკლებად რადიკალიზებულები ჩაუდგნენ, შესაძლოა, რამე რევოლუციური, შესანიშნავი მოხდეს.

ვინ იცის? ამას დღეს საღამოს გავიგებთ, რაც მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. 47-წლიანი გამოძალვა, კორუფცია და სიკვდილი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიდებული ხალხი!“ - წერს ტრამპი.