Loading data...
ირანი და აშშ რომში ბირთვული შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებს მართავენ

ირანი და შეერთებული შტატები რომში ბირთვული მოლაპარაკებების ახალ რაუნდს მართავენ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

უფრო კონკრეტულად კი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი მოლაპარაკებებს მართავენ არაპირდაპირი გზით, ომანის ოფიციალური პირის მეშვეობით, რომელიც გადასცემს შეტყობინებებს ორივე მხარეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ვიტკოფმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ 12 აპრილს ომანში შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ორივე მხარემ კონსტრუქციულად და პოზიტიურად შეაფასა. 

ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოს არის.

„მიუხედავად იმისა, რომ ირანს აქვს საკმარისი მასალა არა ერთი, არამედ რამდენიმე ბომბის შესაქმნელად, ბირთვული იარაღი მას ჯერ არ აქვს. ეს ფაზლს ჰგავს: მათ აქვთ ელემენტები. ერთხელაც ისინი ამ ფაზლს ააწყობენ. ამას სჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი ამისგან შორს არ არიან“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.