Loading data...
ირანი აცხადებს, რომ აშშ-თან ტექნიკური მოლაპარაკებების რეორგანიზაციისთვის შუამავლებთან მუშაობს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებების პირველი რაუნდის რეორგანიზაციის მიზნით, მედიატორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები ამ შაბათ-კვირას შვეიცარიაში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის შეტაკებების განახლების შემდეგ ირანი მოლაპარაკებებიდან გავიდა. 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს Telegram არხზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი აღარ არის ისეთი სასწრაფო, რადგან შეერთებულ შტატებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი ციფრულად უკვე გაფორმდა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდგომი მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც აშშ-ირანის 14-პუნქტიანი შეთანხმების ზოგიერთი ძირითადი კომპონენტი შესრულდება. 

ბაგაის თქმით, მათ შორისაა ლიბანში კონფლიქტის დასრულება, ირანის პორტებზე აშშ-ის ბლოკადის მოხსნა, ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხოდ გადაადგილება ყოველგვარი გადასახადის გარეშე, ირანის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტა და მისი გაყინული აქტივების გათავისუფლება. 

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია, რომ ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მისი ყველა ბირთვული ობიექტის შემოწმების მიზნით ქვეყანაში მიიწვია.

ირანის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო არ იქნება მიწვეული იმ ბირთვულ ობიექტებზე, რომლებიც აშშ-მა და ისრაელმა დაბომბეს, თუმცა მას შეუძლია, გააგრძელოს სხვა ობიექტების მონიტორინგი, როგორიცაა ბუშერი სამხრეთ ირანში.