Loading data...
ირანი აცხადებს, რომ აშშ-სთან დაკავშირებულ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას დაარტყამს, თუ მის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშები გაგრძელდება

ირანმა აშშ გააფრთხილა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-სთან დაკავშირებულ ნავთობის, ენერგეტიკის და სხვა ინფრასტრუქტურაზე იერიშებს მიიტანს, თუ მის მსგავს ობიექტებზე დარტყმები გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ CNN-ი ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

თუ ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები განხორციელდება, „რეგიონის მასშტაბით იმ ნავთობკომპანიების საკუთრებაში არსებული ყველა ნავთობის, ეკონომიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომლებსაც ამერიკული წილი აქვთ, ან აშშ-სთან თანამშრომლობენ, განადგურდება და ფერფლის გროვად გადაიქცევა“, - ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ ირანის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინის წარმომადგენლის სიტყვებს.

14 მარტს ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები გააფრთხილა და მოუწოდა, ქვეყნის მთავარი პორტებისგან თავი შორს დაიჭირონ.

ირანის სამხედრო ძალების განცხადებით, მათ მიაჩნიათ, რომ „ლეგიტიმური უფლება“ აქვთ, მიზანში ამოიღონ არაბთა გაერთიანებული საამიროები, კერძოდ, „ამერიკული რაკეტების გაშვების საწყისი წერტილები საზღვაო პორტებში, ნავსადგურებსა და ამერიკის სამხედრო სამალავებში“.