Loading data...
ირანი აცხადებს, რომ აშშ-სთან ბირთვული მოლაპარაკებები აზრს მოკლებულია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან ბირთვული, პირდაპირი მოლაპარაკებები აზრს მოკლებულია. ირანელი მინისტრის განცხადებას AFP ციტირებს.

არაღჩიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ იმედი გამოთქვა. 

არაღჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები აზრს მოკლებული იქნება იმ მხარესთან, რომელიც გამუდმებით ემუქრება მეორე მხარეს. 

„ჩვენ ვრჩებით დიპლომატიის ერთგული და მზად ვართ ვცადოთ არაპირდაპირი მოლაპარაკებების გზა“, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ინფორმაციისთვის, 2015 წელს ირანმა აშშ-სთან, რუსეთთან, ჩინეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან შეთანხმება დადო, რომ საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, საკუთარ ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა, თუმცა 2018 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის მეორე წელს დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატები შეთანხმებიდან გამოიყვანა.