Loading data...
ირანი აცხადებს, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ სკოლაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 108 ადამიანი დაიღუპა

ირანის სამხრეთით მდებარე სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 108 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი პროკურორის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ეს იყო „ბარბაროსული აქტი“ და „კიდევ ერთი შავი ფურცელი აგრესორების მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულის ისტორიაში“.

ამასთან, როგორც მედიასაშუალება იტყობინება, შეერთებულ შტატებსა და ისრაელს სკოლაზე თავდასხმის ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. 

სკოლა მდებარეობს ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ბაზის მახლობლად.

ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ ირანის ოფისის ცნობით, საჰაერო თავდასხმების შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 201 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 747 დაშავდა.

ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე.

28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

საპასუხოდ, თეირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზებსა და იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ვაშინგტონის მოკავშირეებად მიიჩნევს.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა პირველი 12 საათის განმავლობაში ირანში მდებარე სამიზნეებზე თითქმის 900 ჯერ მიიტანეს იერიში.

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.

მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ირანული მედია ადასტურებს, რომ ლიკვიდირებულია შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსიც.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩევლის ალი ლარიჯანის განცხადებით, მალე ირანში შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები შევლენ.